შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #jYSWfm

გაიგზავნა , დაწერიდან 4 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ახლა ვგრძნობ, რომ ამ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ყველაზე კარგი რამაა, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შემეძლო. არა, იმიტომ კი არა, რომ თრობის საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მომწონს, არამედ იმიტომ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით სხვანაირად ვუსმენ მუსიკას. ჩემი დიდი ყურსასმენებით ვზივარ სკამზე ფეხებშემოკეცილი და ვუსმენ... თითქოს დიდი, ძალიან დიდი საკონცერტო დარბაზი ჩემს ყურებში მინიატურულ აკუსტიკად იქცა... ჩემს ყურებში კონცერტია, ოღონდ ჩემთვის. მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის, როგორც ყველაზე იდეალური ეგოისტისა და მესაკუთრისთვის! ყველა ბგერა ცალ-ცალკე მოდის და აღიქმება. ერთდროულად და თან განცალკევებულად აღქვივამ ბასსაც, ქიქსაც, ვოკალსაც.

მოკლედ, მუსიკა და ამ მდგომარეობაში მოსმენის თანმდევი პროცესი თავს განსაკუთრებულად კარგად მაგრძნობინებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მდგომარეობა პირდაპირ ბედნიერების შეგრძნებას უთანაბრდება, მაგრამ რაც არის, ამ მდგომარეობაში, როგორც ბებიაჩემი იტყოდა - ყაბულია! ახლა უცებ გამახსენდა და დავფიქრდი, როგორ იქსოვს მატლი სახლს ირგვლივ, როგორ იკეტება შიგნით და მერე იქედან პეპლად ქცეული როგორ გამოდის. რაღაცნაირი პროცესი უნდა იყოს, საშიშად საინტერესო.

ჰო, მოკლედ, რას ვამბობდი...
მუსიკა ამ მდგომარეობას მიმსუბუქებს-მეთქი. მთავარი მდგომარეობის ობიექტი თუ მიზეზი კიდევ ის არის. ის, ვის გამოც საკუთარი თავის დაშლა და აწყობა გადავწყვიტე, მაგრამ მგონი, ამაოდ. რატომ ამაოდ? - ვეკითხები ჩემს თავს. ის კი მპასუხობს, საკუთარი თავისთვის გააკეთე ეს ყველაფერი, თანაც ისე, რომ ვერც ხვდებოდიო. არად, ჩვენი რეალური მოცემულობა სულ სხვანაირია. პროცესი მისი მეშვეობით დაიწყო და მიზეზიც თავად ის გახლავთ. ეს ორივემ ვიცით, თუმცა მაინც ჯიუტად ცდილობს გადამარწმუნოს. არ ვიცი ამას რისთვის აკეთებს. იმისთვის, რომ თავი ინუგეშოს, თუ მიზეზი ეგოა? რა მნიშვნელობა აქვს.

და თავად ობიექტზე რისი თქმა შემიძლია?
მხოლოდ იმის, რომ ძალიან მენატრება, განსაკუთრებით ჩემს კართან ატუზული 🙂
ბევრს ვფიქრობ ამ სცენაზე, ამ მომენტზე... ასე მგონია, ვერასდროს შევძლებ იმ კადრის დავიწყებას. ფუუ, რა პათეტიკურად გამომდის. დორბლიანი მწერალივით. მაგრამ არა, მართლა რაღაც გაურკვეველი მემართება, როცა მახსენდება როგორ იდგა ჩემ კართან ერთი ამაყი და ეგოისტი ადამიანი. თანაც, ღამის 2 საათზე, დაახლოებით დილის 5-მდე. თანაც გამოპრანჭული 🙂 პერანგი ეცვა, მოხდენილი და გრაციოზული. ეს მისთვისაც ხშირად მითქვამს, რომ პერანგების კაცია, მაგრამ მაინც ვერ შევძლებ შესაბამისი ეპითეტის პოვნას იმის სათქმელად, თუ რა სხვანაირად უხდებოდა მაშინ ის პერანგი.

იცით როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ქალი შეყვარებულია?
თუ შეუძლია კაცის ისეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალზე, როგორიც პერანგია, ბევრი დაწეროს, ესე იგი, შეყვარებულია! თუმცა მეორე მე მპასუხობს ახლა, რომ მთლად ასეც არ არის. რომ შეიძლება ერთ უმნიშვნელო დეტალზე ყურადღების ასე გამახვილება სხვანაირ დედუქციაზე მიუთითებდეს და არა მაინცდამაინც სიყვარულზე. ზოგჯერ მგონია, რომ იურიდიულზე ჩაბარება და შემდეგ ჩამოყალიბებული აზროვნების იურიდიული ფორმა - განაჩენია. აი, რა შუაში იყო ახლა მის პერანგზე საუბრისას დედუქცია და ა.შ.?! მაგრამ ჰა! იურისტიო, პროკურორი ვარო, აქაოდა!

რას არ მივცემდი, ისევ აქ რომ მენახა. ოღონდ ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ იყო. ახლა გამახსენდა, საგულდაგულოდ გამოპრანჭული როგორ ჩამოჯდა ჩემი სადარბაზოს ბინძურ კიბეზე, ჩემივე კარის წინ! 🙂 გამეღიმა, ამის დედაც.

ცუდად ვიქცევი. ამ ბოლო დროს საკუთარ თავს წერილებს უკვე მხოლოდ მის გამო და მასზე ვწერ. წარმოვიდგინე, ეს რომ როგორღაც წაიკითხოს იმ იდიოტმა, ეგო როგორ გამოძღება. თვითკმაყოფილი იდიოტი.

მეზარება სენტიმენტალურობა და აღარ მინდა წერა.
უკვე გავბრაზდი. იმისთვის მოვწიე, რომ მასზე აღარ მეფიქრა და ცოტა ხნით, რეალობის სხვა ვერსიაში გადმოვსულიყავი, სადაც ის ისეთი მკვდარივით გაყინული და ჩუმი არ არის. უფრო სწორად, საერთოდ არ არის!
აღარ იმსახურებს და იმიტომ. ეგოა სკალპიდან ნეკა თითამდე და იმიტომ.

ჰიბერნაცია მინდა, ოღონდ ემოციური.

რომ გავთავისუფლდე მისგან, როგორც ყველაზე დიდი შიშისან.

https://youtu.be/YMmn-kD9XAk