შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #gtiZUd

გაიგზავნა , დაწერიდან 4 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
სულ ვფიქრობ,
ნეტა, როგორ შევხვდით ერთმანეთს,
რომ არ ავცდით, არათუ გზაზე,
არამედ დროსა და სივრცეში,
საუკუნეებში,
ნეტა, რომელმა დავიმსახურეთ ჩვენი ერთად ყოფნა.

რომ არ შეგხვედროდი,
ჩვეულებრივად ვიცოცხლებდი,
მაგრამ შეგხვდი
და შენ გარეშე,
უკვე მკვდარი ვარ ჩვეულებრივად,
მხოლოდ ჩვენი ერთად ყოფნა არის არაჩვეულებრივი.

იცი,
რა მიყვარს ჩვენს სიყვარულში?
ის, რომ დაუჯერებელია.

განა სასწაული არ არის,
მე და შენ რომ ერთმანეთი გვყავს?
რამდენი ვარსკვლავია ცაზე
და ყველა მარტოა.

ერთმანეთზე მეტია: მე - შენთვის და შენ - ჩემთვის.

შენზე ფიქრი სუნთქვაა, სულის სუნთქვა.

შენზე ფიქრი ამოძრავებს,
ჩემს ფილტვებში გაქვავებულ,
ჩახუთულ ჰაერს.

ჩემს ფილტვებს იმაზე მეტი ჰაერი არ სჭირდება,
რამდენიც შენს გაყინულ თითებს ჰყოფნის გასათბობად.

ჩემი სიცოცხლის ხაზი
შენს ხელისგულზე გრძელდება.

სიარული რომ გინდა და გზას იგრძელებ,
აი, ისე მინდა, გითხრა მიყვარხარ,
მაგრამ არ არსებობს, სიყვარულზე მოკლე მანძილი
და მიყვარხარ-ზე გრძელი სიტყვა.

მიყვარხარ,
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი.
ყველაფერი ხარ - შენ.

საკმარისია,
შენი მიმართულებით გადმოდგმული ერთი ნაბიჯი,
რომ ერთდროულად,
ჰორიზონტის ოთხივე მხარეს დაიძრას სული.

როცა გიყურებ,
თვალებში გუგები მიფართოვდება,
მკერდში გული.

შენ იმაზე დიდი ხანია რაც ჩემს გულში ხარ,
ვიდრე ცაში ვარსკვლავები,
ზღვებში თევზები,
მთებში ბილიკები,
ტყეებში ხეები,
ვიდრე მინდვრებში ბალახები.

წარმოდგენა არ მაქვს,
სიყვარული გარედან შედის გულში,
თუ შიგნიდან ამოიზრდება ხოლმე,
უბრალოდ, ის გამჭოლ ჭრილობით დაჭერილი ქარია.

ვფიქრობ,
რა მოხდება,
თუ ერთი დღით არ მეყვარები,
ან ერთხელ მაინც შეგაქცევ ზურგს.
ზუსტად იგივე,
ერთი დღით რომ არ ამოვიდეს მზე,
ან ერთხელ მაინც რომ დატრიალდეს დედამიწა საპირისპირო მხარეს.

მთავარი ის კი არ არის,
რომ არასდროს მიღალატია შენთვის.
მთავარია, არასდროს გიღალატო.

ჩემს გულში ყოველთვის იქნება კუთხე,
სადაც შეგიძლია,
ნებისმიერ დროს შეხვიდე
და შენ გემოზე მოაწყო.

ერთი წამიც ორად იყოფა როცა გიყვარს.

როგორი უცნაურია,
რომ შენს სუნზე,
გემოსა და სიშიშვლეზე მეტად,
უშენობა მანდომებს შენს თავს.

არ შემიძლია შენი მოფერება,
ვიდრე ჩემს თითებს პეპლები და ჩიტები უფრთხიან.

შენი მოფერება თოვლზე ფეხაკრეფით სიარულს ჰგავს.

რა იქნებოდა,
ჩემი ფანჯრიდან ხედი შენს სულზე გადიოდეს.

არ მინდა,
რომ უსიტყვოდ გვესმოდეს ერთმანეთის.
მიყვარს სიტყვები.
მართალია, უსიტყვოდაც მეყვარებოდი,
მაგრამ როგორღა ვიფიქრებდი შენზე,
სიტყვების გარეშე ფიქრიც კი არ იარსებებდა
და ცარიელი იქნებოდა ჩვენი სიჩუმე.

ცას ავყურებ და ვოცნებობ ჩიტი ვიყო,
მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს,
როცა ჩემში
მტაცებლის ინსტინქტს აღვიძებს შენი სიშიშვლე.
მე ბედისწერამ დამგეშა შენზე.

გეხები, რომ დავრწმუნდე,
ვარ თუ არა ნამდვილი, ვარ თუ არა ცოცხალი.

გიყურებ და მინდა თოვლივით შეგჭამო.

როგორ მიყვარს შენი ტუჩები,
ორი ვარდისფერი ცა,
ორი ვარდისფერი ზღვა.

გკოცნი და ყველა კოცნა ისეთივე ახალია,
როგორც ყოველი წვიმა ან თოვლი,
როგორც წელიწადის დრეობი,
თან იგივეა, თან ძველი და თან ახალი.

როგორი უცნაურია კოცნა,
ცდილობ, ადამიანი ტუჩებით მოიზიდო შენკენ.

ზოგჯერ შენ კი არა,
საკუთარ თავს ვუხსნი როგორ ძალიან მიყვარხარ.
არ შეიძლება ჩემი უშენობა,
ან იქნებ, უბრალოდ, არ მინდა, რომ შეიძლებოდეს.

უკუნეთ ღამეში შემოგხედავ,
გაგიფიქრებ და შენ ჩემი თვალების სიხარულს იგრძნობ.

კარგად ვარ,
შესანიშნავად,
გადასარევად,
ისე, უკეთესად რომ ვერ ინატრებ,
ნეტა არ დამანებებდე თავს.

ჩახუტებული ვარ შენზე,
როგორც ნატვრის ხის ტოტზე
სურვილ ჩათქმული
შემოხვეული ფერადი ნაჭრის ნაგლეჯი.

მთავარია შენ გიყვარდე,
ეს ერთადერთი რამეა, რაც მე არ შემიძლია.

ჩემი ბრალია, რომ გინდა შევიცვალო.
შენი ბრალია, რომ არ ვიცვლები.

მე თუ სულ გულს გტკენ,
ეს იმას არ ნიშნავს,
რომ შენ ყოველთვის არ უნდა მაპატიო.

არსებობს ტკივილის მოთმენა
და არსებობს გაძლება ადამიანის,
ზოგჯერ სიყვარულით,
ზოგჯერ სიყვარულისთვის.

და
მე რომ ასეთი აუტანელი არ ვიყო,
კი არ გეყვარებოდი,
უბრალოდ, შემეჩვეოდი.

რა აზრი აქვს ჩემ კარგად ყოფნას,
თუ შენ აღარ ინერვიულებ ჩემზე.

როცა ერთად ვართ,
რამდენი რამე შეიძლება ვიფიქრო შენზე,
როცა ცალ-ცალკე,
მხოლოდ ერთი რამ,
რომ მენატრები.

როცა მენატრები,
როცა ძალიან შორს ხარ,
იმასაც ვნატრობ მალე დაღამდეს,
რადგან ამ დროს მხოლოდ ღამეს შეუძლია
გააქროს ჩვენ შორის არსებული მანძილი.

მანძილებს რომლითაც დღეებმა დაგვაშორეს,
მხოლოდ ღამეები ფარავენ.

მოვალ, თავს გულზე დაგადებ
და მერე, თუ უნდა, აღარც გათენდეს.

წვიმაში მოყოლილივით,
ტერფებამდე რომ დასველდები
და აზრი აღარ აქვს გაქცევას,
გალუმპული რომ დგახარ
და თვითონაც არ იცი რა გიხარია.
ასე მომისწრო შენმა სიყვარულმა,
სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე.

შენთან მინდა.
დღეს, ხვალ, ან ზეგ კი არა,
სულ...

განწირულია სიყვარული,
რომლის ერთგულებაც იმ ადამიანის თმენას ჰგავს,
რომელიც მარხვის დამთავრებას ელოდება.

სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება.