შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #Bbsv3m

გაიგზავნა , დაწერიდან 1 წელიწადში. გაგზავნე ასეთი შენც →
ახლა, კარანტინში მყოფი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ და წარმოდგენაც კი არ მაქვს რა მიმართულებით წავიყვანო ჩემი აზრები. თებერვლის დასაწყისიდან აქამდე რა დროა? 2 თვეა და ცოტა მეტი. უკვე ორი თვეა მოწყვეტილი, მარტო, დამძიმებული ვუძლებ ყველაფერს და არ ვიცი როდის გავაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას, უფროსწორად, თურმე არაჩვეულებრივს. როგორ მინდა შენ, ანუ მე, ახლა ამ წერილს რომ კითხულობ, სადმე ლამაზ კაფეში იჯდე. ან მეგობრებთან ერთად ერთობოდე თბილისის ქუჩებში, ან შენს მონათესავე სულთან ერთად განიხილავდე შენს წარსულ მეს. სადაც გინდა იყავი, უბრალოდ მინდა კარგად იყო და ყველა კარგად გყავდეს. იცი? შენი თავი უნდა გიყვარდეს და ახლა, ამ წამს, შენზე ძვირფასი მე ამქვეყნად არავინ მეგულება. საინტერესოა არა? შენ თავს შენ უყვარხარ, ეს გაიხსენე და ამაზე იფიქრე მაშინ, როდესაც მარტოსულობის მონსტრი ისევ გამოძვრება საგულდაგულოდ ჩამარხული სკივრიდან და თავის მკლავებს ძლიერად შემოგიჭერს. როგორ მინდა ფერადი, ლაღი, მშვიდი და ძლიერი გოგო უნდა იყო. როგორ მინდა გადალახო შინაგანი ტკივილები, ბრძოლები და თავდაჯერებული, მტკიცე იდგე ფეხზე, ეჭვებისა და დაუცველობის გარეშე. როგორ მინდა ახლა, ამას რომ კითხულობ მე გამიხსენო, 7 აპრილის ღამით, საწოლში დაწოლილი. დანაღვლიანებული და სუნთქვაშეკრული. გამიხსენე. გაიხსენე, როგორ მტკიოდა, როგორ მციოდა და დააფასე ის, რაც ახლა მანდ გაქვს. ისწავლე ყოველი წუთის, ყოველი მომენტის დანახვა. ისწავლე მათი გააზრება და ტკბობა.არასდროს დაგავიწყდეს, რა გრძნობაა როცა ყველაფერი ის შემოგეცლება რაც გიყვარს. ის, რაც გაქვს ბედნიერებაა და იმაზე მეტია, ვიდრე როდესმე შეგეძლო გეოცნება. სიყვარულით, იმედითა და სენტიმენტებით დახუნძლული შენი ოცი წლის პატარა თავი❤️